„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს „სარკის დამტვრევის მცდელობა“, როცა პარტნიორების რეზოლუციებში არასასურველ კონტექსტში საქართველოს მოხსენიებას, არასამთავრობო სექტორს აბრალებს.
კაპანაძე ამბობს, რომ არ არის გასაკვირი ის, რაზეც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი.
მისი თქმით, ფულის გათეთრება, ნარკოვაჭრობა, არალეგალურად მიღებული თანხები ეს სწორედ ის პრობლემები, რამაც ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად იჩინა თავი და რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა.
„ფულის გათეთრება, იქნება ეს ნარკოვაჭრობა, აქედან მიღებული თანხების ლეგალიზება, ეს ბოლო წლები საქართველოში, როგორც ჩანს მართლაც არის სერიოზული პრობლემა. ბუნებრივია, ამას ქვეყანაში აქვს ნოყიერი ნიადაგი. ერთის მხრივ ეს არის გაზრდილი კრიმინალი, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვრება და მეორეს მხრივ, ეს არის ზოგადად, არაფორმალური, კლანური მმართველობა და კონკრეტული ადამიანების ინტერესების სხვადასხვა ფინანსურ სექტორებში.
"არასწორია დამოკიდებულება ხელისუფლების, როდესაც ყველა კრიტიკულ შენიშვნას, იქნება ეს მოხსენებაში, იქნება ეს რეზოლუციაში თუ სხვაგან ჩვენი პარტნიორების რეზოლუციებში და მოხსენებებში, აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას, არასწორია, არაჯანსაღია და ჯამში ეს არის რაღაც სარკის დამტვრევის მცდელობა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდანშესული ფულიც გადის.
ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.