19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"პირადი შურისძიება" - ბესელიას და კვაჭანტირაძეს შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია დაატოვებინონ

უმრავლესობიდან დემარშით წასულ დეპუტატებს ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია დაატოვებინონ - ამ საკითხზე დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ეკა ბესელია გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის პირად შურისძიებას უკავშირებს. 

„ძალიან უხერხული იქნება, ეს აღარ არის უკვე სასაცილო თემა, რომ პირადი განწყობების გამო და შურისძიების გამო, გადაწყვიტოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩემი და ზვიად კვაჭანტირაძის ამ დელეგაციიდან გამოყვანა. იმიტომ რომ, ამ დელეგაციას, როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერ შეცვლის იანვრამდე,“-განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, მათი დელეგაციიდან გამოყვანა შესაძლებელი იქნება თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ამ დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ახლა, როდესაც ორივე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა,  მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის მათი გუნდის წევრები იყვნენ. 

დღის ამბები