03 მაისი 2024,   11:05
ვრცლად
ბათუმის ციხის პატიმრების უკიდურესი პროტესტი და თვითდაზიანებები - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ბათუმის ციხის მსჯავრდებულები, რომლებმაც თვით დაზიანებები მიიყენეს და ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ დეესკალაციის საკანში არიან მოთავსებული. 

ამის შესახებ ინფორმაციას,  სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უწყება უარყოფს იმ ბრალდებებს რომლებზეც პატიმრები საუბრობენ. უწყებაში ამბობენ, რომ ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ასევე ციხის მესამე დაწესებულებაში არ არსებობს ვენტილაციის პრობლემა. ერთადერთი რასაც უწყება ადასტურებს ეს წყლის მიწოდების შეზღუდვაა, თუმცა განმარტავენ, რომ ამ ტერიტორიაზე წყალი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობასაც.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა პატიმრების ხელში აკრძალული ნივთი რომლის საშუალებითაც მათ თვით დაზიანებები მიიყენეს - პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

"წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.
რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება.

პატიმრების უსაფრთხო საკანში განთავსებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკნებში მათი განთავსება, ხდება არა დასჯის მიზნით, არამედ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის უსაფრთხოება, პატიმრის ქცევა გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ და ა.შ.,“-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები