ბათუმის ციხის პატიმრების მწვავე პროტესტი - ერთ საკანში მყოფმა მსჯავრდებულებმა მავთული ხელში გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნე. პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ და შველას ითხოვენ.
წერილში, რომელიც პატიმრებმა ციხიდან გამოგზავნეს, დეტალურადაა აღწერილი, რა პირობებში იმყოფებიან პატიმრები და რამ გამოიწვია პროტესტის უკიდურესი ფორმა. მათ მოსანახულებლად საპატიმროში, ცოტა ხნის წინ ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი მსჯავრდებულის გიორგი მარსაგიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 30 მარტს მიმართა. პატიმრების ინფორმაციით, ციხეში არის უმძიმესი პირობები, არ აქვთ წყალი და ვენტილაცია. ასევე ისინი დეესკალაციის საკნებში ციხის თანამშრომლების მხრიდან უხეშ მოქცევაზე საუბრობენ.
„2 აპრილს შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი მარსაგიშვილს რომელსაც ხელზე ჰქონდა ლითონის მავთული გაყრილი და ასევე ყელში აქვს ლითონის მავთული. მისის ინფორმაციით ასეთივე მდგომარეობაში არიან მასთან ერთად საკანში მყოფი ორი პატიმარი და ისინი გადაბმულ მდგომარეობაში არიან უკვე 30 მარტის შემდეგ,“-განაცხადა ერთ-ერთი პატიმრის გიორგი მარსაგიშვილის ადვოკატმა თეონა ნიკოლაიშვილმა.
პატიმრების პრობლემებს გაეცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულები სამ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. მათგან ერთი, შეეხება წყლის მიწოდებას, რაც იმ ლოკაციისთვის დამახასიათებელია, სადაც ციხე მდებარეობს.
„სამი მოტივი იყო მიყენებული თვითდაზიანების. პირველი იყო წყლის მიწოდების წყვეტა, რომელიც დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში ხდება და ეს არის ამ ლოკაციისთვის დამახასიათებელი. როდესაც რეზერვუარები ივსება მაშინ ხდება წყლის მიწოდების შეწყვეტა. მეორე იყი ვენტილაცია დეესკალაციის საკნებში. დეესკალაციის საკნებს აქვს ინდივიდუალური ვენტილაცია თუმცა არ აკმაყოფილებს პატიმრების განცხადებით იმ სტანდარტს რაც სჭირდება ნორმალურ მდგომარეობას. და მესამე ეს არის ურთიეთშელაპარაკების საკითხი. პატიმრები ამბობენ, რომ ერთ-ერთ თანამშრომელთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ერთ-ერთმა პატიმარმა ამ თვითდაზიანების შემდეგ ადვოკატთან საუბრის დასრულებისას მისი განთავსება მოხდა სხვა საკანში და ეს გააპროტესტა. და ის ადასტურებს ჩემთან საუბარში რომ სხვა საკანში გადაყვანა მისთვის იყო მიუღებელი და შესაბამისად მან დააზიანეს ინფრასტრუქტურა საყოფაცხოვრებო, რომელიც განთავსებული იყო საკანში. შესაბამისად მოხდა მისი გადაყვანა დეესკალაციის საკანში. განცალკევებულია სამივე მათგანი. ძირითადად ხელების მეშვეობით მოხდა მათი ერთმანეთთან გადაბმა. ორ შემთხვევაში ძაფი გამოყენებული, ერთ შემთხვევაში იყო მავთული გამოყენებული,“-განაცხად ცოტნე ანანიძემ.
ამ დროისთვის მსჯავრდებულები დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.