პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა. არსებული ინფორმაციით, აბდუშელიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე შენობას სახელი გადაარქვეს და მას ახლა სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ჰქვია.
პრეზიდენტის ყოფილი სასახლისთვის ახალი ფუნქცია პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ავლაბრის სასახლის კარი დღეს პირველად გაიღება. პრეზიდენტი, რომელმაც ამ შენობაში შესვლაზე უარი თქვა, 9 აპრილთან დაკავშირებულ მიღებას სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში გამართავს.
პრეზიდენტი დღევანდელ შეხვედრაზე ელოდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას შეხვედრა საკმაოდ მცირე ჯგუფთან მოუწევს.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრების უმრავლესობამ პროტესტი პრეზიდენტს უკვე გამოუცხადა და ისინი შეხვედრაზე არ მივლენ.