19 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ვენეციის კომისიას ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, პარასკევამდე რომ მოგვესწრო კანონპროექტის მიღება - კობახიძე მოსამართლეების შესახებ კანონზე 

ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მოიცავს, პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ ელოდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენაზე გატანა მხოლოდ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.

„ვენეციის კომისია არის საქმის კურსში ვადებთან დაკავშირებით, ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, იმისთვის, რომ პარასკევამდე მოგვესწრო ამ კანონპროექტის მიღება. შესაბამისად, ჩვენ ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით , ეს არის მათი დაპირება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ მათი რეკომენდაციები კანონპროექტში. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ იქნება კანონპროექტის მიღება,“-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ჩქარობს საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მმართველი გუნდის გარდა ყველა ეწინააღმდეგება - კობახიძე ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის მხოლოდ ათი მოსამართლეა, ივნისში კი მათი რაოდენობა რვამდე შემცირდება.

მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ კანონპროექტის მიღება ორი კვირის წინ სურდათ, თუმცა მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.

დღის ამბები