22 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
თავში მიყენებული უმძიმესი ტრამვა - ოჯახის წევრების ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი პოლიციელებმა ხელებშეკრული სცემეს

თავში მიყენებული უმძიმესი ტრამვა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა - ზვიად მთავრიშვილის ნათესავები ღიად ამბობენ, რომ 55 წლის მამაკაცი პოლიციის ძალადობის მსხვერპლია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მთავრიშვილი სამართალდამცავებმა უმოწყალოდ სცემეს, თავში მიღებული მძიმე დაზიანებების გამო კი, მისი გადარჩება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევა 22 მარტს მოხდა. ოჯახში კამათის გამო, გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დისშვილმა პოლიცია გამოიძახა. ნათესავები ამბობენ, რომ ამით მოზარდს ნასვამი ბიძის შეშინება უნდოდა. თუმცა, ზვიად მთავრიშვილის და ამბობს, რომ სამართალდამცავები მათთან სახლში აგრესიულად მივიდნენ. მისი ვარაუდით, პოლიციამ ტელეფონში მისი ძმის გინება გაიგო და ის არ აპატიეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 55 წლის მთავრიშვილი პოლიციელებმა ხელებშეკრული სცემეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, ზვიად მთავრიშვილს თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ნათესავებმა თავად გარდაცვლილისგან იციან, რომ პოლიციელები მას ძირითადად თავში ურტყამდნენ იმისთვის, რომ ძალადობის კვალი შესამჩნევი არ ყოფილიყო.

ახლობლების ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას თავად გარდაცვლილიც გეგმავდა, თუმცა, ვერ მოასწრო. ახლა საქმის სამართლებრივ გაგრძელებას ოჯახი აპირებს. ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან.

ობიექტური გამოძიების იმედი არa აქვთ გარდაცვლილის თანასოფლელებს.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. მთავრიშვილის საქმე კახეთის საოლქო პროკურატურა ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სწავლობს. რა შედეგი ექნება გამოძიებას, გაუგებარია. შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან გადაცდომა არ იკვეთება.

 

დღის ამბები