უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ პროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს გავლენიანი საკონსულტაციო ორგანო საკუთარი დასკვნით პრაქტიკულად უნდობლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში ასახა ყველა ის მოსაზრება, რაზეც ბოლო პერიოდში ოპოზიცია და არასამთავრობოები ამახვილებდნენ ყურადღებას.
"მათ არ სურდათ, რომ ჩვენს ხმას ასევე შეერთებოდა ამ საკითხში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტის ხმა,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
"ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ კომისიის დასკვნის მთავარი ნაწილი არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს ნახევარი მაინც შემდეგი მოწვევის პარლამენტმა უნდა დააკომპლექტოს.
"ამის გათვალისწინებას თუ არ აპირებენ იმ მოტივით რომ პოლიტიკურია, ანგაჟირებულიც ხომ არ არის და ძირგამომთხრელ საქმიანობასაც ხომ არ ეწევა ვენეციის კომისია, როგორც არასამთავრობოებს ეძახიან?"-აცხადებს ოთო კახიძე.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიამ მათ პროექტზე დადებითი დასკვნა დაწერა და ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მეორეხარისხოვანი რეკომენდაციებია.
"ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ სამართლებრივი ნაწილის გაზიარებაზე და არა მეორეხარისხოვან რეკომენდაციაზე. ოპოზიციას ვურჩევ, ჯერ ძირითად რეკომენდაციებს გაუსწორონ თვალი და აღიარონ, რომ ვენეციის კომისიამ ჩვენ პროექტთან დაკავშირებით დაწერა დადებითი დასკვნა,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.