პრეზიდენტის ორი სასახლე - პრემიერ-მინისტრი ორმაგ ხარჯთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციას აქტიურად იყენებს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს შენობა არ არის საპრეზიდენტო სასახლე და შესაბამისად კითხვა - რატომ აქვს ქვეყანას ორმაგი ხარჯი არასწორია.
პრემიერის თქმით, ავლაბრის რეზიდენციას რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის არის ოფიციალური სტუმრების მიღება, თუმცა მას აქვს სამუზეუმო და საზოგადოებრივი დატვირთვა.
„ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია. მათშორის არის რა თქმა უნდა არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მიღების მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა. სადაც მისვლა შეეძლება საქარველოს ყველა მოქალაქეს და ტურისტს, რომელიც საქართველოში ჩამოვა. თქვენ კითხვას ვსვამთ, რომ ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება და ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქციები აქვს. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ავლაბრის რეზიდენცია "ქართულმა ოცნებამ" იმ მიზეზით დაიწუნა, რომ ის ძალიან დიდი იყო და მისი შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ძვირი უჯდებოდა. შესაბამისად, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე, შედარებით მცირე ფართის საპრეზიდენტო სასახლეში უნდა შესულიყო. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის წინააღმდეგი იყო თავად სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობდა, რომ ეს მისთვის პრინციპის საკითხი იყო. საბოლოო ჯამში კი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაშიც შევიდა და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სახლსაც იყენებს. ორივე სასახლის შენახვის ხარჯებს კი სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს.