19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
საქართველოსა და პორტუგალიას შორის, ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტუგალია მზად არის ტურიზმის სფეროში საკუთარი წარმატებული გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.

„ყოველთვის სასიამოვნოა მეგობრების მიღება. საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს დიპლომატიურ და პოლიტიკურ სფეროებში და კიდევ უფრო ვაძლიერებთ არსებულ ურთიერთობებს ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა გაუმჯობესების მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პორტუგალია და საქართველო ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით გამორჩეული ქვეყნებია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,”-განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი, კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ გვაქვს სტაბილური, მშვიდობიანი და წარმატებული ევროპის ერთიანი ხედვა. ამ კუთხით პორტუგალია წარმოადგენს საქართველოს სანდო პარტნიორს და ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერს საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები