ემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას? უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბოლო დროს შენგენის ზონაში უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა და ვითარებას საყურადღებოდ მიიჩნევენ. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე პირველი განცხადება გუშინ თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეებიდან გამომდინარე უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის მათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმუშაონ.
"სიტუაცია არის საყურადღებო იმიტომ, რომ მატება ჩვენგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის არი სახეზე ევროკავშირის სივრცეში, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვი. ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება,"-აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებმაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყანა და ამბობს, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ სწორედ ეს პრობლემები უნდა გადაჭრას.
"ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური ვითარება, კრიმინოგენული ვითარება, ის რომ ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულს ეფექტურად არ ებრძვის და უფრო მეტიც, ყველა არჩევნებზე მათი მოკავშირეები არიან, ის რომ პოლიტიკურად მიკერძოებული დევნაა, ეს არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც ნეგატიურ როლს ასრულებს საქართველოს რეპუტაციის და აქედან გამომდინარე ყველა ჩვენი მოქალაქის საქციელსაც განაპირობებს, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და უიმედობაა ქვეყანაში, ამიტომ ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, ამ პრობლემებს მიხედოს,"-აცხადებს გია ბოკერია.