ინტერპოლით ძებნილი ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვებიდან ერთი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე გლუშკოვს საექსტრადიციოდ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
მეორე ძმის, ვლადიმერ გლუშკოვის სასამართლო პროცესი კი ერთ საათში გაიმართება.
„კურიერის“ ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე რუსეთის მოქალაქე გლუშკოვები საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ. ძმებს, რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკურ დანაშაულისთვის, თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის ეძებდა და მათ რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილი დეპუტატი ძმები საქართველოში 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე პროკურატურის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კი ძმებ გლუშკოვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ თანხას სძალავდნენ. ისინი ფულის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს. გლუშკოვები ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, თუმცა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ისინი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ალექსანდრე გლუშკოვი ამბობს, რომ ის მოყვება ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელებიც კორუფციულ სქემაში ჩართული იყვნენ.
„ქრთამზე არაფერს გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ გამათავისუფლეს აღდგომის დღესასწაულის წინ და ეს კარგია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მომისმენს და გააკეთებს იმას, რაც საჭიროა. კორუფციას პროკურატურა, სასამართლო ან სხვა უწყება კი არა, ხალხი ქმნის და მოგიყვებით ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომლებიც ამ კორუფციულ საქმეში გარეული არიან,”-განაცხადა გლუშკოვმა.
მისი ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ გაჩუმებას არც ის აპირებს. მისი თქმით, ცხრა თვის მანძილზე სასამართლოს არაერთხელ მიმართა შუამდგომლობით შეცვლილიყო საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი, თუმცა უარი მიიღო.
აფციაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გირაოთი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
„არც მე ვაპირებ გაჩუმებას, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები. მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ვიცავდი მეც. საპყრობილეში ყოფნაც კი საფრთხე იყო ჩვენთვის. საექსტრადაციო პატიმრობის ვადები იწურებოდა, საათებია დარჩენილი. ცხრა თვის მანძილზე კვირაში სამჯერ შემომქონდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე. საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, ერთი და იგივე მოტივით გვეუბნებოდნენ უარს.
"დღეს რომ არ შემოეტანა ბრალდების მხარეს, სასამართლო, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდა, დილას საღამოს და შუადღეს რომ შემომეტანა შუამდგომლობა, მილიონი რომ შემეთავაზებინა არ გააკეთებდა,“-განაცხადა აფციაურმა.
საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ ინტერპოლით ძებნილი პირების გათავისუფლებას ერთადერთი მიზეზი აქვს, მათ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა უმთავრდებათ, ექსტრადირებისთვის საჭირო პროცედურების დასრულება მოკლე ვადაში ვერ სრულდება.