19 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას ეწინააღმდეგება - პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვია

პრეზიდენტის სკანდალური განცხადება - სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის პირდაპირ ამბობს, რომ ბაზებს რუსეთი პროვოკაციად შეაფასებს, რაც თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვის ფასი დაუჯდება.

სალომე ზურაბიშვილი ამ სკანდალური განცხადებით ოკუპანტი ქვეყნის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოცემები, რომელსაც კრემლი აკონტროლებს, წერენ თუ როგორ დაუპირისპირდა საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსებას.

დღეს პირველად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი პრეზიდენტს გაემიჯნა. კახა კალაძემ ჟურნალისტებს სთხოვა, არ დააკავშირონ ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთან.

კალაძის მსგავსად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის პოზიციას ღიად არ გაემიჯნენ, თუმცა თქვეს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ამ თემის წამოწევა ახლა გაუგებარი იყო. მათი თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო ბაზის მშენებლობაზე არანაირ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით კი, სკანდალური განცხადებებით სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და მის უფლებამოსილებებს გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქციით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაზე მსგავსი პოზიციები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.

ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არ გამორიცხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები