19 მაისი 2022,   08:43
ვრცლად
არ შეიძლებოდა მას, ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ სცოდნოდა, რომ ანაკლიის პროექტს ააფეთქებდა - ექსპერტები ბათუმის პორტზე საუბრობენ

არ შეიძლებოდა მას, ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ სცოდნოდა, რომ ანაკლიის პროექტს ააფეთქებდა - ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას.

მისი თქმით, მაშინ როცა ანაკლიის პორტის ფინანსური პაკეტი შეკრულია, ფოთის პორტში მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემა კითხვებს აჩენს.

დაეცდიათ ამათთვის, რომ ინვესტორები შემოეკრიბათ, ფინანსური პაკეტი შეეკრათ და მერე გამოეცხადებინათ. რატომ გახდა საჭირო ფოთის პორტზე ამ ნებართვის გაცემა ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ანაკლიის ფინანსური პაკეტის შეკვრა,“-ამბობს ხუხაშვილი.

საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გასცა და რომელიც ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვას გულისხმობდა, ანაკლიის პორტის მნიშვნელობას ანულებდა.

„ეკონომიკური დასაბუთება ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის შესახებ ფაქტობრივად არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებას როცა მართავ მხარესთან და მეორე ხელით აკეთებ და იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად შეიყვანს ჩიხში ანაკლიის თემას, ვერ წარმომიდგენია აქ როგორ შეიძლება რაიმე სწორად დალაგდეს,“-აცხადებს გიორგი ისაკაძე.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მან ნებართვის გამცემი სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა სწორია, თუმცა გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაცია არ არსებობს.  

შეგახსენებთ, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს გაუქმებულია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები