20 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
მძლავრი პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტი ოკუპანტის ხელში - სამადაშვილი სატრანზიტო ფრენების დაფინანსებაზე საუბრობს

საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დაფინანსების გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. " ერთიანი ნახიონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი  მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსულ ბაზარზე მიბმა, მძლავრი პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტია ოკუპანტი ქვეყნის ხელში. სამადაშვილის განმარტებით, ხელისუფლების 7-წლიანი მმართველობის მთავარი მიზანიც სწორედ ამაში მდგომარეობს. 

„ბიუჯეტიდან აპირებს, რომ სუბსიდირება გაუკეთოს საქართველოს მიბმას ისევ რუსეთის ბაზარზე. პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით გაურკვეველი არის ეს სუბსიდირება რა დაგვიჯდება ჩვენ და რას მივიღებთ აქედან, ანუ გამორიცხული არ არის, რომ მეტი დაგვიჯდეს, ვიდრე რაიმე მოგება ნახოს საქართველოს ეკონომიკამ და მეორე, თუ სუბსიდირება უნდა ხელისუფლებას, რატომ არ უკეთებს სუბსიდირებას მაგალითად, სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას. გამიზნული პოლიტიკა ჰქონდა ყოველთვის ხელისუფლებას გასული 7 წლის მანძილზე, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უფრო  მჭიდროდ იყოს დამოკიდებული რუსეთზე, იმიტომ, რომ რუსეთის ხელში აი, ეს ეკონომიკური დამოკიდებულება, მათ შორის, ტურისტული ბაზრის თვალსაზრისით, ეს არის მძლავრი პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტი,“- განაცხადა სამადაშვილმა.

არამართებულად მიიჩნევენ მთვარობის ამ ნაბიჯს "ევროპული საქართველოს" წევრებიც. გიორგი კანდელაკის განცხადებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბრიტანელი, ან გრემანელი ტურისტი საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე რუსი ტურისტი. აქედან გამომდინარე, კანდელაკისთვის ხელისუფლების ეს ნაბიჯი გაუგებარ პოლიტიკურ სიგნალს წარმოადგენს.

„მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მაგალითად, ერთი ბრიტანელი, ან გერმანელი ვიზიტორი საქართველოს ტერიტორიაზე ხარჯავს სამჯერ მეტ ფულს, ვიდრე რუსი ვიზიტორი. ცხადია, რუსი ვიზიტორის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს და მათი დიდი ნაწილი მაინც ჩამოდის საქართველოში. ამ სიტუაციაში სრულიად გაუგებარია და არასწორია, რომ საქართველოს მთვარობა აჭიანურებს კონტრაქტის გაფორმებას წამყვან დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ და ფულს ხარჯავს რუსეთის მიმართულებით. ეს არის სრულიად არასწორი და რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი პოლიტიკური სიგნალიც,“- განაცხადა კანდელაკმა.

უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მთავრობის ამ ნაბიჯში განსაკუთრებულ ვერაფერს ხედავს. მისი თქმით,  ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ამოსავსებად გადადგა.

„განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, დაკორექტირება იმ პრობლემის, რომელიც იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც რუსეთის ამ გადაწყვეტილებით მოხდა. 90 ევრო ეს არის მაქსიმუმი გათვლილი ერთ ტურისტზე, თუმცა იქ არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ავიაკომპანიამ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მან სუბსიდირება მიიღოს. ანუ გარკვეული რაოდენობა ტურისტების უნდა ჩამოიყვანოს, რაღაცა რაოდენობა რეისების უნდა გააკეთოს და ა.შ. ეს არის ის სტანდარტული პრაქტიკა, რომელსაც იყენებს ყველა ქვეყანა სხვა და სხვა ქვეყნებში სხვა და სხვა ავიაკომპანიების მიმართულებით იმისთვის, რომ შეივსოს ტურისტული ნაკადები,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთიდან სატრანზიტო ფრენები დააფინანსოს. ამისთვის 600 ათასამდე ევრო გამოიყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა და დადგენილება ძალაშიც შევიდა. 

დღის ამბები