18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ხმაური კომიტეტის სხდომაზე - დეპუტატთა ნაწილმა დროის რეგლამენტი გააკრიტიკა

მოსამართლეთა კანდიდატების განხილვა პარლამენტში დილიდან ხმაურით მიმდინარეობს. თავდაპირველად, დეპუტატთა ნაწილმა დროის რეგლამენტი გააკრიტიკა. მათი თქმით, ოპოზიციისა და უფრაქციო დეპუტატებისთვის დრო უსამართლოდ გადანაწილდა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას მიეცემა გონივრული დრო იმისათვის, რომ ამოწუროს სათქმელი, თუმცა თითოეული გამომსვლელი უნდა ჩაეტიოს გონივრულ დროში.

ეკა ბესელია იმ პროცედურებს, რომლებიც დღეს კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად დაადგინა, უგუნურს უწოდებს. პარლამენტის წევრი პროცედურების გადახედვას ითხოვს იმისათვის, რომ გონივრულ ვადაში ყველა კანდიდატისთვის კითხვის დასმა შესაძლებელი გახდეს. 

კრიტიკა ისმოდა ზოგიერთი კანდიდატის მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების გამო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გვანცა ყუფარაძის გახმაურებულ საქმეზე კითხვები მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას დაუსვა.

"თუ თვლით, რომ გქონდათ თქვენ საკმარისი მტკიცებულებები ხელთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ 14 წლის ბავშვის, გოგონას, მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი იყო ნამდვილად არათანაზომიერი?“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს კლასელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. 14 წლის გვანცა ყუფარაძის განაჩენი, რომელსაც თამარ ალანია განიხილავდა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ სოფო კილაძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის ადამიანთა უფლების სასამართლოს პასუხი იყო ის, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ყოფილა დარღვეული.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას ლევან მურუსიძეზე დაუსვა კითხვა.

"ბატონმა მურუსიძემ გამოიწვია დებატებში ადვოკატი შალვა შავგულიძე. საარჩევნო კამპანიის დროს, ფორმალურადაც კი საარჩევნო კამპანიის დროს, შემდეგ დაესხა მას თავს იმ არგუმენტების და იმ მცდარი, მათ შორის ცილისმწამებლური ფაქტების ჩემი აზრით, მაგრამ რომ არც ყოფილიყო ცილისმწამებლური ფაქტების გამოყენებით, როგორც ამას აკეთებდა „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდი, თქვენც ეს მიგაჩნიათ უაღრესად მძიმე დარღვევად, საშუალო დარღვევად, ისე რა დარღვევად, თუ კარგ საქციელად თუ არაფრად? ანუ იქამდე ეთანხმებით ხო? ანუ კონკრეტული გვარი რომ არ მეთქვა ისე სამარცხვინო, ცუდ საქციელად მიგაჩნიათ?" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თამარ ალანიამ გიგა ბოკერიას კითხვაზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ეთიკის ნორმების მიხედვით, კოლეგებთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთების უფლება არ აქვს.

დღის ამბები