18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ - არხის თანამშრომლები სარედაქციო პოლიტიკის დაცვას ითხოვენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მიმართვას ავრცელებენ, სადაც სარედაქციო პოლიტიკის დაცვას ითხოვენ. ჟურნალისტები დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ, მათთან ერთად დაიცვან სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მათი თქმით, საფრთხეშია. საუბარია ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსზე, რომელშიც მაუწყებლის თანამშრომლების აზრით, პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.

ტელევიზიის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ მეოთხე კონკურსი შესაძლოა შედეგით დასრულებულიყო, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, კონკურსის შესაჩერებლად ხელისუფლებამ სასამართლო გამოიყენა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებას "კურიერი" უცვლელად გთავაზობთ:

"2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე, გუნდმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში, მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება. ახლა კი გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს.
დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, განაცხადების მიღების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, 4 საათით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე კობა გოცირიძე, სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩელის განცხადებით და არ გაითვალისწინა რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ასეთი პრაქტიკა, ჩვენი აზრით, შერჩევით სამართალზე მიანიშნებს.

მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით, სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა "ქართული ოცნების" კვოტით შევა, ჩვენი აზრით ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება.

სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები