18 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ვარკეთილის ავარიული კორპუსის მდგრადობაზე "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვარკეთილის ავარიული კორპუსის მდგრადობაზე "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, იმ ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებმაც საბოლოო დასკვნა უნდა მოამზადონ, ობიექტზე ამ დრომდე მუშაობენ. შესაბამისად დგინდება, რომ წინასწარ გაკეთებული განცხადებები დაუზუსტებელია და უცნობია, ექვემდებარება თუ არა დაზიანებები აღდგენას.

ლაბორატორიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ვიზუალური დათვალიერების შედეგები არ არის ცნობილი, რადგან ისინი ამ წუთებშიც მუშაობენ ამაზე. თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგები, თუმცა ჯერ კიდევ დილით ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ვიზუალურად დათვალიერების შედეგები ცნობილი იყო და ის გადაეგზავნებოდა მერიას. 

"კურიერის" ჯგუფი დილიდან ითხოვდა როგორც მერიისგან, ასევე ლაბორატორიისგან დოკუმენტის ჩვენებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგები ამ დრომდე "კურიერისთვის" ამ დრომდე არავის მოუწოდებიათ.

"ვიზუალურად შემოწმდა, ვიზუალური სანდო არის რა თქმა უნდა და მერე უნდა მოყვეს დეტალური გამოკვლევა, მერე პროექტი. რაც დგინდება ვიზუალურად - ის დასკვნაა. ნგრევის საფრთხე არ არსებობს," - განაცხადა ლაბორატორიის ერთ-ერთმა თანაშრომელმა.

თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი ამბობს, რომ ისიც ელოდებოდა ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და სწორედ ამ შედეგებზეა დამოკიდებული გამგეობა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ვისთვის უნდა მიიღოს, რა პერიოდის ხანგრძლივობით ბინა და ვინ შეიძლება, რომ უკან კორპუსში დააბრუნონ. 

"ინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს არის დასკვნა, მაგრამ ჩვენამდე ჯერ არ არის მოსული. დასკვნა დღის ბოლომდე ალბათ მოგვეწოდება და იმის მერე გადავწყვეტთ მერე, რომელი ოჯახების შესახლება არ შეიძლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე და გადავიყვანთ ვუზრუნველვყოფთ ქირით დაბინავებას. 28 ოჯახი, 28 ადამიანი არის სასტუმროში განთავსებული," - აცხადებს კახა სამხარაძე.

ავარიული კორპუსის მაცხოვრებელმა "კურიერს" ვიდეომასალა მიაწოდა, რომელშიც კარგად ჩანს ავარიული კორპუსის მეორე სართული რა მდგომარეობაშია. 

ლაბორატორიის თანამშრომლები სწორედ ამ ტერიტორიაზე მუშაობენ ამ წუთებში და როგორც ისინი ამბობენ, ვიზუალური დათვალიერების შედეგები დღის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.

დღის ამბები