2020 წლისთვის, ცალკეული უწყებების დაფინანსება იზრდება. მინისტრებმა კონკრეტულ მიმართულებებზე, თუ რაში დახარჯავს სამინისტრო გამოყოფილ თანხებს, თავად ისაუბრეს. მომავალ წელს, დაფინანსება ეზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამის შესახებ განცხადება თავად მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. მინისტრის თქმით, 2020 წლისთვის, უნდა გაიხსნას ქუთაისის შემოვლითი გზა, ასევე გაიხსნება ხაშურის შემოვლითი გზაც. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციითვე, განხორციელდება 70 ათასი აბონენტის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
„ჩვენ შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას 2020 წელს, ასევე ხაშურის შემოვლითი გზის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის. 2020 წლისთვის, ჩვენ შევძელით, კიდევ გამოგვენახა ერთობლივად რესურსები, დაახლოებით 40 ლარით ამ ბიუჯეტის გასაზრდელად. იმ პროექტების ამ დაფინანსებით, ჩვენ 2020 წლისთვის, შევძლებთ დამატებით 70 ათასი ადამიანის, აბონენტის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით, 2020 წელს ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი ორმაგდება, ეს არის 150 მილიონი ლარი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტით, უწყებას განსაზღვრული ექნება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები მაღალი ხარისხით იყოს დაცული.
„ჩვენ შევძლებთ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტით ჰქონდეს განსაზღვრული ის ფინანსური რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების მაღალი ხარისხით დაცვას სჭირდება, ეს არის სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე არა ერთი მნიშვნელოვანი დავა, ასევე ჰააგის სასამართლოში სახელმწიფო ინტრესების დაცვა და რა თქმა უნდა, არა ერთი დავა საერთაშორისი არბიტრაჟებში“ - განმარტა თეა წულუკიანმა.
განცხადება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ. მისი თქმით, 2019 წლის ბოლომდე, უწყება ახალ, თანამედროვე, მაღალი ხარისხის 5 ტონის მოცულობის სახანძრო ტექნიკა მიიღებს.