18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
პროტესტი გლდანის ციხესთან - აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

აქცია გლდანის ციხესთან - მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" ამ წუთებში გლდანის მე-8 იზოლატორთან საპროტესტო აქციას მართავს. აქ მოსული ადამიანები ითხოვენ, რომ 20-21 ივნისის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში საქმე შერჩევით სამართალთან გვექნება. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლის გირაოს საფასურად გამოშვება პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ინტერესებს, რადგან ამ ფონზე აქციის მონაწილე 16 ადამიანი კვლავ ციხეში რჩება.

"შერჩევით სამართალს კიდევ ერთხელ წავაწყდით რამდენიმე დღის წინ, როცა ბოლო დაკავებული სპეცრაზმელი, ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების მიზეზით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს  გირაოთი და პარალელურ რეჟიმში გვყავს გავრილოვის პატიმრები, რომლებიც რეანომობილით მოჰყავთ სასამართლოზე და ისე მიჰყავთ იმიტომ, რომ ფიზიკურად ვეღარ გადაადგილდებიან. მოძრაობაა ქვეყნის სამსახურში. დღეს შეეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი ხმა მიაწვდინოს პატიმრებს, რადგან ჩვენ არ გვეძლევა საშუალება მათთან შეხვედრის, გარედან დავდგებით, ბევრი ხმის გამაძლიერებლები გვაქვს მოტანილი და გავაგონებთ ჩვენს მხარდაჭერას, რომ მათაც იგრძნონ ძალა რათა არ დანებდნენ იმიტომ, რომ ეს არის საერთო ბრძოლა და ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ," - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიგა მაქარაშვილმა.

საუბარია ლევან ჯიქურსა და ბესიკ თამლიანზე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ლევან ჯიქური ეტლით მოსარგებლეა და საპატიმროში ყოფნის პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ბესიკ თამლიანის დედის განცხადებით, მის შვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. რუსიკო გარუჩავა შვილის დაუყოვნებლივ საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება.

"ჩემი მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იქიდან ჩემი შვილი. არანაირი დანაშაული მაგას, გარდა იმისა, რომ ქვეყანა უყვარს და თავისი სამშობლო უყვარს არანორმალურად, ქვეყნის წინაშე არანაირი დანაშაული მაგას არ მიუძღვის. ნავთს გადავისხამ თავზე და მეც დავიწვავ თავს მაგათ თვალწინ. ასეთნაირი საქციელი ნამდვილად არ შეიძლება," - განაცხადა რუსიკო გარუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხესთან აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებიან. 20-21 ივნისის ღამის საქმეზე სულ 19 ადამიანი იქნა დაკავებული, აქედან 16 კი ამ დრომდე საპატიმროში რჩება.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები