18 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
20-21 ივნისის საქმეზე პატიმრობიდან გათავისუფლებული სპეცრაზმელი და პატიმრობაში მყოფი აქციის 16 მონაწილე

20 ივნისის საქმეზე ამ დროისთვის საპატიმროში 16 ადამიანი რჩება, აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მათგან ერთი კი მესამე დღეა შიმშილობს.
ამ ფონზე, საქალაქო სასამართლომ ბოლო სპეცრაზმელი, რომლის მოქალაქეზე ძალადობა კადრებში კარგად ჩანს, 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
სწორედ ეს გახდა საპროტესტო აქციის მიზეზი, რომელიც დღეს გლდანის მერვე საპყობილესთან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ.

20 ივნისის აქციის დროს დაკავებული ბესიკ თამლიანი მესამე დღეა ციხეში შიმშილობს. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თამლიანისგან განსხვავებით, რამდენიმე დღის წინ საპატიმრო დატოვა სპეცრაზმელმა, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაკავებულ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ლევან იმერლიშვილი სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გირაოთი გაათავისუფლა. ეს გარემოება საეჭვოა სახალხო დამცველისთვის.

დაკავებულების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას არც იუსტიციის მინისტრი უარყოფს. თუმცა, რატომ წარმოადგენენ დაკავებული პროტესტანტები სამართალდამცველისგან განსხვავებით გამოძიებისთვის საფრთხეს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თეა წულუკიანმა დღეს არ ისურვა.

სპეცრაზმელის ციხიდან გამოშვება შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითია მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში"-ის წევრებისთვის. აქტივისტებმა, დღეს აქცია მერვე იზოლატორთან გამართეს. მათი თქმით, დაკავებულების დასახმარებლად ბრძოლას ევროპულ სასამართლოშიც აპირებენ.

20 ივნისის ღამიდან 3 თვეზე მეტია გასული. ერთადერთი დაკავებული პოლიციელი თავისუფალია. თუმცა, ამ დრომდე აქციის 16 მონაწილე კვლავ ციხეში რჩება. მათ შორის არიან ბესიკ თამლიანი და ლევან ჯიქურიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები