20 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს

უკრაინაში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. ის 90-იანი წლებიდან 2004 წლის ჩათვლით ყველა გახმაურებულ გატაცებაში მონაწილეობდა. მათ შორისაა ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, პოლიტიკოსი პეტრე ცისკარიშვილი, ესპანელი ბიზნესმენები და წითელი ჯვრის თანამშრომლები.

ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის ადგილზე "კურიერისთვის" გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ ადგილას ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ველოსიპედით და ცხოვრობდა ვაგონში, სადაც თავს მიუსაფარი ძაღლები აფარებდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჭიჭიაშვილი რამდენჯერმე ნახეს, თუმცა მას საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

ორმხრივი სროლის დროს შოთა ჭიჭიაშვილმა ორი სპეცრაზმელის დაჭრა მოასწრო. სამართალდამცველი იხსენებს თუ როგორ დაიგეგმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალის აყვანის ოპერაცია და რა მოხდა სპეცოპერაციისას.

განსაკუთრებით საშიში კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა მედიით შეიტყო. როგორც ჭიჭიაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, მასთან კონტაქტი ბოლო პერიოდში არ ჰქონიათ.

უკრაინამდე შოთა ჭიჭიაშვილის სახელმა ბოლოს საქართველოში გივი თარგამაძის აფეთქების დროს გაიჟღერა. 2016 წლის 4 ოქტომბერს ყოფილი დეპუტატის მანქანა დისტანციურად მართვადი ნაღმით ააფეთქეს, შემთხვევის შემდეგ მალევე თარგამაძემ განაცხადა, რომ აფეთქების უკან ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შოტა ჭიჭიაშვილი იდგა, რომელიც ხელისუფლებამ 2013 წელს ამნისტიით გამოუშვა. გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ჭიჭიაშვილი მოსკოვის დავალებებს ასრულებდა და უკრაინაშიც ამიტომ იმყოფებოდა.

გივი თარგამაძის აფეთქებამდე შოთა ჭიჭიაშვიულმა საზოგადოებას თავი წლების განმავლობაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებით დაამახსოვრა. ის პანკისის კრიმინალურ ანკლავს წარმოადგენდა და წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა გახმაურებულ გატაცებაში ფიგურირებდა.

ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება, 2000 წლის 20 აგვისტოს სოფელ დუისიდან წითელი ჯვრის კომიტეტის ორი თანამშრომელი ქალის გატაცება და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ ლარის მოთხოვნა. ჭიჭიაშვილის გვარი ფიგურირებდა ამავე წლის დეკემბერში კახეთის გზატკეცილიდან ესპანელი ბიზნესმენების, 2001 წლის მაისში კი კუს ტბის ტერიტორიიდან დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებებში.

კრიმინალური ავტორიტეტი სახელდებოდა აგრობიზნესბანკის ინგლისელი თავმჯდომარის პიტერ შოუს საქმეშიც. საქმე იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მაშინ ევროკავშირმა  ყველა პროექტი შეაჩერა, ასევე საქართველოს უარი ეთქვა 45 მლნ ევროს ღირებულების დახმარებაზე. პიტერ შოუც, რომელსაც სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ, პანკისის ხეობაში აღმოჩნდა.

ხეობაში ჩატარებული ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის შემდეგ ჭიჭიაშვილმა საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ის რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს და 2004 წლის 21 ივნისს საქართველოს გადმოსცეს.

ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წელი მიუსაჯა. 2013 წელს კი ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ ქვეყანა დატოვა.

დღის ამბები