14 სექტემბერი 2026,   15:23
ვრცლად
ნატოს კვირეული და უცხოელი დიპლომატები ბათუმში - ოფიციალური ღონისძიებები რამდენიმე საათში დაიწყება

ნატოს კვირეულის ფაგრლებში, რამდენიმე საათში ბათუმში 29 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა. ეს რიგით მეხუთე სხდომაა, რომელსაც ალიანსი საქართველოში ატარებს.

ღონისძიების დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს და სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ელჩმა ნატოში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი - ასე აფასებენ ევროატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტს მასპინძლები. მათი განცხადებით, ეს არის მკაფიო დასტური ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის, რაც კიდევ უფრო განავითარებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

NATO-ში საქართველოს ელჩის განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტი საქართველოში, პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში გააჩნია ორი უმთავრესი განზომილება, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი, ამავდროულად ეს არის პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეულ შედეგებში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,"- აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.

NATO -ს კვირეულის საქართველოში ჩატარებას, უპრეცენდენტო ფაქტად აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

"უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს არის საბჭოს რიგით მეხუთე ვიზიტი,რაც თავისთავად უპრეცედენტოა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს საქართველოს,"- აცხადებს მახარობლიშვილი.

ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. ოფიციალური ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის პორტში სანაპირო დაცვის ხომალდების დათვალიერება და საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში.

დღის ამბები