06 ოქტომბერი 2024,   08:04
ვრცლად
ცხოვრება საოკუპაციო რეჟიმის პირობებში - გალში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სოხუმის დაცემის დღე აზეიმეს 

27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, გალში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართულ ნაციონალურ ფორმებში ცეკვით და სიმღერით აზეიმეს. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს ომის თემატიკაზე სპექტაკლში სამხედრო ფორმები ჩააცვეს და აფხაზი მებრძოლების როლიც მოარგეს. ე.წ. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლის დირექტორმა გახსნა, რომელმაც თქვა, რომ ეს დღე აფხაზებისთვის საზეიმოა და დამსწრე მშობლებს წუთიერი დუმილით ფეხზე ადგომა სთხოვა.  

მსგავსი ზეიმი გალის თითქმის 30-ვე სკოლაში მოეწყო. ე.წ. გამარჯვების დღე ბაღებშიც და საღამოს ქალაქის ცენტრში გალა კონცერტით ქართული ნაციონალური ცეკვით დასრულდა.

17 წლის ახალგაზრდა, რომელიც გალიდან თბილისში სასწავლებლად წელს ჩამოვიდა, "კურიერთან" ყვება, რომ ყველა მსგავს ღონისძიებაში ისიც მონაწილეობდა, თუმცა იძულებით. წინააღმდეგობის უფლება არ ჰქონდა, რადგან უარის შემთხვევაში მასწავლებლებს სკოლიდან დაითხოვდნენ.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

რუსულ საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიციაც და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას პრინციპულობისკენ მოუწოდებს. "ევროპული საქართველო" კი საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებას ითხოვს.

ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება პოლიტიკური განცხადებების მთავარ თემად რჩება, ადგილზე მცხოვრები მოქალაქეები რუსულ ოკუპაციას საკუთარი ძალებით უმკლავდებიან. 

ავტორი: ელიტა ანდღულაძე. 

დღის ამბები