06 ოქტომბერი 2024,   07:21
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თბილისში

"კურიერმა" შარტავას ქუჩაზე აღმოჩენილი დაჭრილი მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. "კურიერის" წყაროს ცნობით, 41 წლის გოჩა ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან მოუვიდა.

დაპირისპირება გახოკიძის 3 ნომერში დაიწყო, სადაც დღის 12 საათზე 6-მდე ახალგაზრდა ლუდს სვამდა. მოგვიანებით შეუერთდა მათ ვეფხვაძე მეგობართან, შოთა კიკნაძესთან ერთად. "კურიერის" ინფორმაციით, საქართველოში ახლადდაბრუნებულ ვეფხვაძეს ძველ მეგობრებთან კარგი ურთიერთობა აღარ ჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ძველი კონფლიქტი გახდა მხარეების დაპირისპირების მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდებმა ადგილი მალევე დატოვეს. გახოკიძის ქუჩაზე განთავსებული სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები უკვე ამოღებულია. 

კონფლიქტში მონაწილე პირები გახოკიძის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით წავიდნენ. სწორედ იქ მოხდა სისხლიანი დაპირისპირება. საქმეში, სავარაუდოდ, ფიგურირებს 4 ავტომობილი და ათამდე პირი მონაწილეობს. 2 მანქანა ინციდენტში მონაწილე პირებმა ლისის ტბაზე, შემთხვევის ადგილზე, დატოვეს. გოჩა ვეფხვაძე BMW-ს მარკის ავტომობილში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით, შემდეგ კი დანით დაჭრეს. "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავეები თეთრი ფერის BMW-ს მარკის ავტომობილით მიიმალნენ. ლისის ტბაზე მერსედესისა და ტოიოტას მარკის ავტომობილებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ნივთმტკიცება.

მძიმედ დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე მისი მეგობრის, შოთა კიკნაძის ავტომობილით თავის საცხოვრებელ სახლთან დატოვეს. შოთა კიკნაძის ავტომობილიდან ამოღებულია ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გოჩა ვეფხვაძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა ძმებ ფეიქრიშვილებთან და მათ მეგობართან, ნოდარ ნიშნიანიძესთან. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ ნიშნიანიძესთან მომხდარი დაპირისპირების გამო მან საქართველო დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის დატოვებამდე ის დაჭრილიც იყო, თუმცა ვინ დაჭრა მაშინ გოჩა ვეფხვაძე, ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია.

გოჩა ვეფხვაძე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ვეფხვაძეს დაზიანებები როგორც ცეცხლსასროლი, ასე ცივი ირაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმათა სამინისტროს დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/მოხმარებისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები