დღეს გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა დაზარალებულის სტატუსი თამთა თოდაძეს, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძე პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. გუშინ გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები თოდაძის დაზარალებულად ცნობას და საკრებულოს დეპუტატის დაკავებას ითხოვდნენ. აქციას თავად თამთა თოდაძეც ესწრებოდა.
"მე რაც შემეძლო, ყველა მტკიცებულება, ექსპერტიზები იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა სახის მტკიცებულება, რაც გამოძიებას სჭირდებოდა, წარვუდგინე გამოძიებას, თუმცა ძალიან გასაკვირია, დუმს პროკურატურა, არ ხდება ჩემი დაზარალებულად ცნობა და შესაბამისად რატომ არ ხდება ეს რეაგირება მე უშუალოდ პროკურორთან მაქვს ამ შემთხვევაში შეკითხვა," - განაცხადა თამთა თოდაძემ.
თოდაძის უფლებადამცველმა უკვე მიმართა პროკურატურას შესაბამისი მოთხოვნით. თამარ ლუკავას თქმით, მათ ხელთ აქვთ ყველა მტკიცებულება და ფაქტები იმისათვის, რომ თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
"მივმართეთ პროკურორს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვინაიდან რეალურად სახეზე გვაქვს მტკიცებულებებიც და ასევე ფაქტებიც, რომელიც ადასტურებს იმას, რომ დანაშაული რეალურად თამთა თოდაძის წინააღმდეგ მოხდა," - აცხადებს კავშირ "საფარის" იურისტი, თამარ ლუკავა.