ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები სამაგალითოა და ქვეყნის მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს. მისი თქმით, ეს შედეგი წლების წინ მიღებულმა ფუნდამენტურმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა.
"ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ეს მართლაც სამაგალითო, მართლაც სანიმუშო საქმიანობა, რომელიც გასწია უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, ეს დიდი წარმატება იქნება გლობალურ დონეზე აღიარებული. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის უზარმაზარი წარმატებაა. ეს არის წარმატება, რომელიც ქვეყანას მოუტანა ჯერ კიდევ 2013, 2014, 2015 წლებში მიღებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა, ფუნდამენტურმა გადაწყვეტილებებმა, რომლის შედეგადაც რეალურად ქვეყანამ შეძლო და პრაქტიკულად წარმოუდგენელი მისია შეასრულა ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უზრუნველყოფს და შედეგები ჯანმოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს მნიშვნელოვნად აღემატება. მისი თქმით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ჯანმოსგან ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის აღიარება მიიღოს.
"ქვეყანაში შექმნილი არის მძლავრი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას და მკურნალობას პაციენტების და მიღწეული არის უმაღლესი შედეგები, რომლებიც ჯანმოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე, B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის მიმართულებით არის მნიშვნელოვანი შედეგები მიღწეული. საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღებს ვალიდაციის უმაღლესი დონის, ოქროს დონის აღიარებას," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით კი, ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობის მიმართულებით საქართველო ლიდერი და სამაგალითო ქვეყანაა. მისი თქმით, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ექსპერტებმა უმაღლეს დონეზე შეაფასეს.
"ვირუსულ ჰეპატიტებთან მკურნალობის მიმართულებით, საქართველო არის ლიდერი და სამაგალითო ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გაეროს წევრ ქვეყნებს შორის. დღეს გაიმართა ეროვნული საბჭოს სხდომა, წარმოდგენილი იყო ანგარიში და ის აქტივობები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გადადგმული, შეფასდა უმაღლესად, მათ შორის ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ მიმართულებაზე. ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებს ჩვენი ქვეყანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უახლოეს დღეებში წარედგინება ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში, რომელშიც საუბარი იქნება მიღწეულ პროგრესზე. ანგარიში ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და B ჰეპატიტის, დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაციას. საქართველო უმაღლესი ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად ორივე მიმართულებით ემზადება. რაც თავის მხრივ თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელეს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.