27 დეკემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - 49-ე რაუნდის შედეგებს რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებები გამოეხმაურნენ

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის დასრულებას რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროები ეხმაურებიან.

ოფიციალური თბილისის განმარტებით, შეხვედრებზე  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, ასევე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას.

ამასთან, აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით კი, ვითარების პროვოცირება ე.წ. საზღვარზე თბილისის გადაწყვეტილებამ და სოფელთან პოლიციის პოსტის განთავსებამ გამოიწვია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მოსკოვი ბლოკპოსტის განთავსებასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დროებით ჩაკეტვასაც.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ჟენევის ფორმატი არსებული გეოპოლიტიკური გარემოსგან იზოლირებულად არ უნდა იქნას განხილული.

"ჟენევას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად  დღეს არსებული გეოპოლიტიკური გარემოსგან. ამიტომ აუცილებელია, რომ ის ვალდებულებები, რომელზეც საუბარი იყო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით, სწორედ ამ ფორმატში იყოს განხილული და რუსეთის ფედერაციას ყველა საერთაშორისო აქტორის თანდასწრებით მუდმივად შევახსენოთ არსებული ვალდებულებების შესრულება,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

დღის ამბები