11 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ზალკალიანის "მინისტრის საათმა" პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმინეს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა, ბორდერიზაცია, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გააქტიურება და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, - ეს მხოლოდ იმ კითხვების ნაწილია, რომლებიც დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს. კიდევ ერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც კითხვა რამდენჯერმე დაისვა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდებოდა. კერძოდ იმას, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ოფიციალურ ბაქოსთან და უნდა ჰქონდეს თუ არა საზოგადოებას ოპტიმისტური მოლოდინები.

ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და შავ ზღვაში აშშ-ის ინტერესებთან დაკავშირებით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე და ანაკლიის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ზალკალიანის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სტატუსკვოზე დაბრუნებაა.  მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო, რადგან ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება უნდა განხორციელდეს სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში.

მინისტრის პარლამენტში მისვლამდეც ცნობილი იყო, რომ მთავარი კითხვები დეპუტატებს პირველ დიპლომატთან ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე ექნებოდათ. პარლამენტარები დაინტერესდნენ, რა პასუხები მიიღო ქართულმა მხარემ ნიუ-იორკში, ვისთან ჰქონდა ზალკალიანს კონსულტაციები შეხვედრამდე და რა შედეგი დადგა ამ მოლაპარაკების შემდეგ. ოპოზიციის კითხვები სხდომათა დარბაზში პირველი სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრისას მთავარი საკითხები იყო ოკუპაცია, ბორდერიზაცია და დიალოგის ის ფორმატები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს აქვთ, ასევე საუბარი შეეხო ფრენების აღდგენასაც.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმის შესახებაც ისაუბრა, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია, ვიდრე სერგეი ლავროვს შეხვდებოდა. ზალკალიანის თქმით, კონსულტაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ჰქონდა, პარლამენტიდან - სოფიო ქაცარავასთან. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილის კითხვას, საქმის კურსში იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ივანიშვილთან მაის-ივნისის შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.

უმრავლესობის წევრები მინისტრის მისამართით ოპოზიციის კითხვების ტონალობამ გააღიზიანა. რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ის თავს არ იკომპლექსებს იმ ადამიანების შეგონებით, რომლებიც რუსის ტანკის დაქოქვისთანავე აზერბაიჯანში გასაქცევად ემზადებიან.

"მე იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული და ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებით, რომლებიც, რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას ქოქავენ აზერბაიჯანისკენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი..."- განაცხადა კაკულიამ.

კაკულიას განცხადებას გიგა ბოკერიას რეპლიკა მოჰყვა:

"შეურაცხყოფას მაყენებთ, მოღალატეობას მაბრალებთ!" - მიმართა გიგა ბოკერიამ კაკულიას.

"შეურაცხყოფები თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა," - მიმართა კაკულიამ ოპოზიციას, მის ამ რეპლიკას ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილიც დაეთანხმა.

ეს არ ყოფილა ერთადერთი კამათი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომელიც დავით ზალკალიანის გამოსვლას მოჰყვა. 9 საათიანი მოსმენის შემდეგ დღის ბოლოს ამჯერად ერთმანეთს გიგა ბოკერია და სიმონ ნოზაძე დაუპირისპირდნენ.

ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის არსებულ დაპირისპირებას შეთანხმებული და დაგეგმილი უწოდა. ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ მას დასაძრახად არ მიაჩნია თუ ამ ორი ქვეყნის დეპუტატები ერთმანეთს შეხვდებიან.

ნოზაძის გამოსვლის შემდეგ გიგა ბოკერიამ "ქართულ ოცნებას" მიმართა, დაეზუსტებინათ დეპუტატი უმრავლესობის სახელით გამოდიოდა თუ არა:

"ვერ გავიგე, ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, ბოდიში პოლკოვნიკი,  უმრავლესობის თუ თავისი ფრაქციის, თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, ვთხოვ უმრავლესობას დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა,"- განაცხადა ბოკერიამ.

მის ამ განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოჰყვა, ბოკერიას რამდენიმე დეპუტატმა მოუწოდა, რომ წარსულს პატივი უნდა სცეს და ამ კონტექსტში მისი მშობლებიც ახსენეს. ბოკერიას თქმით, საბჭოთა წარსულის პატივისცემისა და მშობლების პატივისცემის გაიგივება არ შეიძლება.

"ჩვენ შორის, ვინც რუსეთის დავალებას ასრულებდა იმას მოეკითხოს მშობლები,"- მიმართა ბოკერიამ ნოზაძეს.

დღის ამბები