მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობა რუსეთის ეკლესიამ გაწყვიტა, ისინი მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ და უარს აცხადებენ მათთან ერთად მსახურებაზე. მსოფლიო საპატრიარქოს შემდეგ უკრაინის ავტოკეფალია ელადის (საბერძნეთის) ეკლესიამაც აღიარა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხუთშაბათს საგანგებო სხდომა ჩაატარა და დოკუმენტიც მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი უკრაინის ეკლესიას "უკრაინულ სქიზმატურ დაჯგუფებად" თვლის და ის საეკლესიო მოღვაწეები, რომლებსაც მათთან ევქარისტიული კავშირი ექნებათ, ასევე სქიზმატებად ჩაითვლებიან.
"ამასთან დაკავშირებით ვწყვეტთ ლოცვას და ევქარისტიულ ურთიერთობას ელადის ეკლესიის ეპისკოპოსებთან, რომლებიც შევიდნენ ან შევლენ უკრაინის არაკანონიკურ სქიზმატურ ჯგუფთან ასეთ ურთიერთობაში. ჩვენ ასევე არ ვაძლევთ კურთხევას მრევლს იმ ეპარქიების მოსალოცად წასვლაზე, რომლებსაც აღნიშნული ეპისკოპოსები ხელმძღვანელობენ,"- აღნიშნულია რუსეთის ეკლესიის სინოდის მიმართვაში.