27 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
შეწყვეტილი სოციალური შემწეობა და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ალვანში

78 წლის მოხუცი შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენის მოლოდინში. პენსიონერს შემწეობა იტალიურ ეზოში მდებარე იმ ერთი ოთახის გამო მოუხსნეს, რომელიც დოკუმენტაციით მის საკუთრებაშია, მაგრამ რეალურად ვერ სარგებლობს.

ქალი ალვანში უმძიმეს საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს. დაზიანებული შენობა და უსახსრობა ერთადერთი პრობლემა არ არის.  78 წლის ხანდაზმულს დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს და ეტლით დახმარებასც ითხოვს.

სოფელ ზემო ალვანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს 62 წლის მარტოხელა მამაკაციც.  ომარ ლაგაზიძე გვიყვება, რომ 3 წლის წინ სოციალური დახმარება საკუთრებაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის გამო მოუხსნეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ომარ ლაგაზიძესთან დაკავშირებით სტატუსის შეწყვეტაზე ინფორმაციას არ ფლობენ. რაც შეეხება 78 წლის პენსიონერის, ნაზო ლაგაზიძის პრობლემას, სააგენტოში აცხადებენ, რომ სტატუსის შეწყვეტის მიზეზი თბილისში არსებული უძრავი ქონება გახდა.

როდის დაენიშნება მარტოხელა ომარ ლაგაზიძეს სოციალური დახმარება, ქულათა გადამოწმების შემდეგ გაირკვევა. 78 წლის ნაზო ლაგაზიძეს კი, ცხოვრება ისევ მეზობლების და პენსიის იმედად მოუწევს.

ავტორი: რომან ქევხიშვილი

დღის ამბები