20 ივნისის ღამეს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების შესწავლით გაგრძელდება. ბრალდებულების უფლებადამცველები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ, მათი თქმით, პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს.
"ვფიქრობთ, რომ მორის მაჩალიკაშვილის საქმეს ორი დიდი პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ერთი კონტექსტი ეს არის, ზოგადად, 20-21 ივნისის მოვლენები და მეორეს მხრივ, თავად მისი ბიძის პროტესტი და თემირლმან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი დაკავება გარკვეულწილად არის მაჩალიკაშვილის ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღი. განხილვის ეტაპზეა საქმე გადასული და მოხდება შესაბამისი მტკიცებულებების შესწავლა სასამრთლოზე,“ - აღნიშნა მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა თამთა მიქელაძემ.
ბიოლოგ, ბეჟან ლორთქიფანიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან ერთად სასამართლო დღესვე გიორგი ქურდოვანიძისა და ილია მემარნიშვილის საქმეებზეც იმსჯელებს.
"გახარიას სურს, რომ ამ ადამიანის პატიმრობით სასამართლოში პროცესი იმდაგვარად წარმართოს, რომ თითქოსდა "გავრილოვის ღამეს" იყო პარლამენტზე შტურმი და გადაფაროს იმავე ღამეს მის მიერ ჩადენილი ვანდალური აქტები," - განმარტა ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
დღესვე ამავე საქმესთან დაკავშირებით შედგება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესიც.
ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობაში ადანაშაულებენ, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.