18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"რუსთავი 2-ის ქონება თავისუფალია, ფინანსური პრობლემები ჩვენ ვერ დაგვბრალდება" - დავით დვალი

"რუსთავი 2"-ის 60% წილი დაყადაღებულია, - გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში გაფორმდება ოფიციალურად, რაც ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მხარე სასამართლოს განჩინებას ჩაიბარებს და დოკუმენტებს საჯარო რეესტრში წარადგენს. სასამართლომ წარმოებაში მიიღო ასევე სარჩელიც, რაც მოდავე მხარის მტკიცებით, არის გარანტია, რომ საკითხის განხილვაზე სასამართლო უარს აღარ იტყვის.

"რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყადაღა ტელევიზიის მუშაობას არ შეაფერხებს.

"ობიექტური რომ ვიყო სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩვენთვის. სასამართლომ უნდა განიხილოს ჩვენი 60% წილის დაბრუნება არ დაბრუნების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვერც პრეტენზია ვერ გვექნება მეტზე, იმიტომ რომ მეტი არ გვეკუთვნის, და რაც გვეკუთვნის, იმაზე გვექნება დავა. ტელევიზიის გაჩერება წილებთან არანაირ კავშირში არაა, წილს ვერ გაასხვისებს დღევანდელი მეპატრონე. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები 2012 წელს და გვითხრეს, რომ ყველაზე მოკლე და რეალური გზა იყო პროკურატურა. რაც გვირჩიეს, წავედით იმ გზით. სამწუხაროდ, 7 წლის განმავლობაში პროკურატურაში ვიარეთ, ვიარეთ და სამართალი ვერ ვიპოვეთ. ახლა გამოჩნდა ეს გზა, რომლის შედეგად პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ახლა დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალის თქმით, ყადაღა მხოლოდ იმ არგუმენტით მოითხოვეს, რომ მოქმედმა მფლობელმა კომპანიის წილების სადავო 60 % არ გაყიდოს. 

"ვვარაუდობდით, რომ ალბათ ხანდაზმულობასთან მაინც მოგვედავებოდნენ. ის, რომ სასამართლომ მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვა შედგება ყველა ვარიანტში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. დაახლოებით, თვენახევრის წინ ქიბარ ხალვაშმა გამოაცხადა, რომ აპირებს წილების გასხვისებას და შესაბამისად, დღეს ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს რაღაცნაირად შეგვეფერხებინა. ქონება თავისუფალია, ანგარიშები თავისუფალია, მათ არაფერი დაბლოკილი არ არის, დაბლოკილია მხოლოდ და მხოლოდ ის წილი, რომელზეც ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დაგვბრალდება რაიმე ფინანსური პრობლემები რუსთავი ორში ჩვენ,"- განაცხადა დავით დვალმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები