საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.
დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; შეთანხმება დროებით ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის დატოვების შემდეგ და ფორმალურად სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ორივე მხარე მის რატიფიკაციას მოახდენს.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რა პროცესებიც მიმდინარეობს ბრიტანეთში, კერძოდ, ბრექსიტის სიტუაციას, ბრექსიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს და მსგავსი შეთანხმების სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება, არის მაჩვენებელი იმისა თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები საქართველოსთან ურთიერთობას," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.