სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის თამთა თოდაძის უფლებადამცველების შეფასებით, პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს საქმის მასალების გადაცემაზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ არ სურს გასაჯაროვდეს დაგვიანებული და არასწორად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
თამთა თოდაძის ადვოკატების თქმით, საქმეში ბრალდებული, "ქართული ოცნების“ წევრს ილია ჯიშკარიანს დანაშაულს უწყებაში ხელს აფარებენ.
"მან მეორე დღესვე მიმართა ომბუდსმენს თხოვნით, რომ მონიტორინგი ეწარმოებინა ამ საკითხისთვის. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და გაგზავნა შესაბამისი წერილები, მოითხოვა საქმის მასალებზე წვდომა, თუმცა ორი დღის წინ პროკურატურიდან მიიღო უარი. რაც შეეხება საქმეს, ის ჩვეულებრივი მსვლელობით არ მიმდინარეობს. ილია ჯიშკარიანი პრივილეგიებით სარგებლობს," - აღნიშნა "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.
"კურიერი" საქმეში ბრალდებულის ადვოკატსაც ესაუბრა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სახალხო დამცველის საქმეში შესაძლო ჩართვას მიესალმება.
"თუ სახალხო დამცველი ჩაერთვება და გაეცნობა საქმის მასალებს, პირიქით, ეს უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის პროცესს. მეც მაქვს პრეტენზიები საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა კუბლაშვილმა.
სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმის მასალებზე წვდომის შესახებ გენერალურ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართა. ომბუდსმენი დეტალების სრულყოფილ შესწავლას ითხოვს. ამ მოთხოვნაზე საგამოძიებო უწყებამ ნინო ლომჯარიას უარი ერთხელ უკვე უთხრა.