19 სექტემბერი 2026,   22:58
ვრცლად
გიორგი ჩუბინიძემ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - საჩივრის საფუძველზე საქმე ბერლინში აღიძრა, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა წესით. საქართველოში - ადმინისტრაციულით, გერმანიაში კი სისხლის სამართლის კოდექსით.

ბერლინში ნატა ფერაძეს უჩივლეს. მის წინააღმდეგ საქმე სხვა ქართველი ოპოზიციონერი აქტივისტის, გიორგი ჩუბინიძის მიმართვის საფუძველზე აღიძრა. ინფორმაცია სოცქსელში გავრცელდა და ოპოზიციაში დაიწყო დაპირისპირებაც საკითხზე - უნდა ეჩივლათ თუ არა ფერაძისთვის იქ, სადაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია. მმართველი პარტიისთვის ოპონენტების ეს მორიგი დაპირისპირებაც მათ რეალურ სახესა და ფარისევლობას აჩვენებს.

ფერაძის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის ავტორი გიორგი ჩუბინიძეა, პოლიტ-სატირული Facebook-გვერდის, "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინი, რომელმაც თავადვე აღიარა, რომ ღირსების შელახვისთვის იჩივლა. Facebook-სივრცეში შეურაცხყოფისთვის დაწყებული საქმის გამო, საქმე მას ისევ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ისევ საჯაროდ გაურჩიეს. დაპირისპირებაში ნატა ფერაძესთან ერთად სხვებიც ჩაერთნენ, მათ შორის, მისი მხარდამჭერები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

თემაზე საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ სურთ. ხელისუფლების ოპონენტები თავს იკავებენ კომენტირებისგან. თუმცა მწვავე დაპირისპირების დეტალები ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა სააშკარაოზე თავადვე გამოიტანეს, რომლის გასაჯაროების შემდეგაც ოპოზიცია ვერ უარყოფს, რომ შეურაცხყოფა დასჯადია, მსგავსი ქმედების დასაბუთება კი სასამართლოს პრეროგატივაა.

ამას ამბობს ოპოზიცია, როდესაც საქმე გერმანიას ეხება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ევროპული ქვეყნების მსგავსი კანონმდებლობის მიღება მათი მხრიდან ყოველთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად ფასდება. ეს მაშინ, როდესაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაზე "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" კონკრეტულ პირებს რამდენიმე ათასი ლარით აჯარიმებს, გერმანიაში კი საკითხს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს და პატიმრობასაც ითვალისწინებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან ორმაგი სტანდარტი დიდი ხანია არ უკვირთ, რაც მკაფიოდ მორიგ ჯერზე გამოჩნდა საქმით - ჩუბინიძე ფერაძის წინააღმდეგ.

საკითხს გუშინვე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. სპიკერმა დაწერა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა მათივე ხელით დაიმსხვრა.

დღის ამბები