არეულობა და შეტაკებები ნიდერლანდების ქალაქ ჰააგის ქუჩებში. პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. აქცია ძალადობაში გადაიზარდა.
მომიტინგეებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს. ხალხის მასის დასაშლელად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყენა. მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებისა და თეთრკანიანთა უფლებების შესახებ.
ნიდერლანდების სპეცრაზმმა ძალადობის შემდეგ რამდენიმე ასეული ულტრამემარჯვენე მომიტინგე დაშალა. ძალადობისა და არეულობის გამო, ჰააგის მუნიციპალიტეტმა დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა. მომიტინგეების ქმედებები დაგმო ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც პოლიციას მადლობა გადაუხადა.