ბრძოლა ფარულ გავლენებთან და ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი ინიციატივა. ორპარტიული კანონპროექტი კონგრესში წარდგენილია - "ფარა" მკაცრდება.
როგორია ამერიკული გამჭვირვალობა? ამჯერად კანონპროექტის სამიზნე ინტერნეტზე სწორდება - ნებისმიერი კონტენტკრეატორი, რომელიც ფულს უცხოეთიდან იღებს, ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს, როგორც უცხოეთის აგენტი, კანონის დარღვევა კი მკაცრ სისხლის სამართლებრივ და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.
შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომას სრულად იზიარებს საქართველოს ხელისუფლება.
სწორედ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ამოქმედდა მმართველი გუნდის თქმით, საქართველოში "ფარას" ზუსტი ანალოგი. "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი", რომელსაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან არაერთი კრიტიკა მოჰყვა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღეს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფარას" კანონს ამკაცრებენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 1 წლის წინ პროტესტის მიუხედავად, ამ კანონის შემოღებით სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო.
კონგრესმენ ანა პოლინა ლუნას ინიციატივით ამერიკაში "ფარას" კანონი შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს და ინფლუენსერებსაც შეეხოს. მოქმედი კანონის აღსრულებას კი უმკაცრესად აკონტროლებს შტატების ახალი ადმინისტრაცია. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ყველას, ვინც კანონის გვერდის ავლას შეეცდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამერიკული "ფარას" ქართულ ვერსიას დღემდე აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ ინტერესებს იცავს, ანალოგიური კანონი კი, რომელიც საქართველოში 2025 წლის 31 მაისიდან მოქმედებს, მათთვის შემზღუდავია.
სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვა და გარედან დაფინანსებული დესტრუქციული ქმედებების თავიდან აცილება - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია იცოდეს, რისთვის იხარჯება საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფინანსები. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გასულ წლებში სწორედ უცხო ქვეყნიდან ფინანსდებოდა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, რომლის მიზანი რევოლუციური პროცესების განვითარება და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო.
გამჭვირვალობა ის ფუნდამენტური პრინციპია, რაშიც საქართველოს ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვა კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
ავტორი: ნანა გოგატაძე