მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის ტენდენციები, ახალი სტანდარტები და ინოვაციური მიდგომები - საქართველო მასშტაბური საერთაშორისო ფორუმისთვის ემზადება. პლატფორმა მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს, გლობალური კორპორაციების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. გაეროს ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 2027 წელს ჩატარდება, განხილვის მთავარი თემა ტურისტული და ტექნოლოგიური პროექტები იქნება.
ტურიზმის ინდუსტრიის გარდა, პლატფორმა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვისაც. ფორუმი ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტარტაპ-კომპანიებისთვის, როგორც დაფინანსების, ასევე ბიზნესიდეების რეალობად ქცევის კუთხით. სიახლე მნიშვნელოვანია რეგიონში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვისაც.
ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი წელს პირველად ჩატარდება. შეთანხმება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და ეკონომიკის მინისტრს შორის შედგა. უწყებაში განმარტავენ, რომ სტუმრის სტატუსით ჩამოსული კერძო სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები იმ ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა.
ღონისძიებას ქუთაისი მომდევნო წელს უმასპინძლებს. მანამდე კი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მაღალი დონის შეხვედრა უკვე გამართა პრემიერ-მინისტრთან. შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს. მთავარი თემა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.