პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ბავშვების მიმართ გავრცელებულ დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმაურება და ამას ოპოზიციური აქტივისტების ამაზრზენ სახეს უწოდებს.
დეპუტატის განცხადებით, საზოგადოებას მსგავსი მიზანმიმართული ბულინგის კამპანია წარსულშიც უნახავს, როდესაც რადიკალური ჯგუფების სამიზნე ის მშობლები გახდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
"ეს არის, ზოგადად, ამ აგენტურის ამორალური და ამაზრზენი სახე, ისინი ყველანი ერთნაირები არიან. ამასთანავე მე გავიხსენებ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებზე როგორი ბულინგი განახორციელეს, როდესაც სახელმწიფომ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩარჩოებში მოქცეულიყო ეს საკითხი და შემხვედრი ნაბიჯები გადადგმულიყო მშობლების მისამართით. როდესაც მშობლებმა ამისთვის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს, ჩვენ ერთად ვნახეთ, თუ როგორი შეურაცხყოფის კამპანია დაიწყეს აი ამ აგენტურის წარმომადგენლებმა. მათ ყველას ერთნაირი სახე აქვთ, - ეს არის ამორალური და ყოვლად ამაზრზენი დაჯგუფება ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, დარინა მიქელაძის მიერ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მიმართ გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოებისა და პაციენტების მშობლების მწვავე პროტესტი მოჰყვა.