აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებისთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული დამცინავი პოსტი კატეგორიულად მიუღებელია. პაციენტის ბებია, ლია შალვაშვილი განმარტავს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია პირდაპირ ლახავს ბავშვების, განსაკუთრებით კი მოზარდების ღირსებას, მაშინ, როცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობა უპრეცედენტო პროგრესს აჩვენებს და დაავადების თანმდევ მძიმე სიმპტომებს აქრობს.
"რა თქმა უნდა, ეს იყო დისკრიმინაციული შინაარსის პოსტი, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, მშობლებისთვის და მით უმეტეს იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარდატეხის ასაკს და კიდევ უფრო ზემოთ. მედიკამენტმა ვოზორიდიტმა, რომელსაც უკვე ჩვენი შვილები ორ წელზე მეტია იკეთებენ, 15 ნოემბერს გახდება სამი წელი, გამოიწვია ძალიან დიდი, დადებითი ეფექტი და შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ არა მხოლოდ გააუმჯობესა ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს, როგორიც არის ხერხემლის კიფოზი, როგორიც არის ძილის აპნოე, დისპროპორცია, სახის ნაკვთებიც კი გააუმჯობესა," - აცხადებს ლია შალვაშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა, დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების დაფინანსების გადაწყვეტილება გააპროტესტა და სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა: "მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?". აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ბავშვების მიმართ სიძულვილის ენას შეიცავს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.