22 დეკემბერი 2024,   09:15
ვრცლად
მუქარა ცხინვალიდან - ოპოზიცია ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომ ადმინისტრაციულ ხაზთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნამ შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს, თბილისში ეხმაურებიან.

ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ვერანაირი ნორმალიზაცია ვერ მოახდინა და პირიქით, საქართველოს საკითხს მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგში აქტუალობა დაუკარგა. სწორედ საქართველოს საკითხის გააქტიურებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

"ნორმალიზაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდება საქართველოს საკითხის მაქსიმალურად აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო ამას ვერ და არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ერთი იმიტომ, რომ არ ჰყოფნის ამის კომპეტენცია, მეორე იმიტომ, რომ საერთაშორისო კაპიტალს ხარჯავს საკუთარი შეცდომების და დანაშაულების ახსნაზე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე თუ არ მოხდა ოკუპაციის და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის აქტუალიზაცია პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება:

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ ცდილობს, რომ აღმასრულებელ, მთავრობათა და სახელმწიფო მეთაურების დონეზე ჩვენი ოკუპაციის, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და ასევე ადამიანის უფლებათა საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამოიჭრას დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის ლიდერებს შორის," - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები