22 დეკემბერი 2024,   09:40
ვრცლად
მოსამართლე 30 წლიანი სტაჟით - დეპუტატებმა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მოუსმინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს დეპუტატები უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, სანდრო გირგვლიანის საქმის გახსენებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელ აკაკი ზოიძეს შორის კამათი მოჰყვა.

აკაკი ზოიძემ მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძეს გირგვლიანის საქმის კონტექსტში ჰკითხა, არსებობდა თუ არა წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივი სახელმწიფოს ნიშნები, ხმაური დარბაზში სწორედ ამ კითხვის შემდეგ დაიწყო, თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წარმომადგენელს იმ მოსამართლეების სახელი და გვარები შეახსენა ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დროს გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებდნენ, ახლა კი მოქმედი ხელისუფლების სახეები არიან, მათ შორის დასახელდა ლევან მურისიძეც

ნუგზარ სხირტლაძეს უზენაეს სასამართლოში მუშაობის თითქმის 30-წლიანი სტაჟი აქვს, სწორედ ამიტომ დამოუკიდებელი დეპუტატებისა და ასევე მმართველი გუნდის ნაწილი დაინტერსდა, თუ რას ფიქრობს კანდიდატი სასამართლო დამოუკიდებლობაზე, როგორი იყო ის წარსულში და როგორია დღეს.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს წინა ხელისუფლების დრო არსებული მმართველობის ფორმის შეფასება "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემაც სთხოვა.

"ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ მივიღეთ ის, რომ მკვეთრად გაიზარდა მსჯავრდებულთა რიცხვი, პირველი წლები 1999 - 2000 წლები იყო ძალიან ეფექტური შემდეგ კი იჩინა თავი გარემოებებმა,"- განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ დეპუტატების საპასუხოდ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს უკვე მოუსმინა. განხილვები ხვალაც გრძელდება - დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ლალი ფაფიაშვილს ელოდებიან.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები