22 დეკემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ვინ არის "ქართული ოცნების" დეპუტატი, რომლის შვილთან დაპირისპირების გამოც პატრულმა სამსახური დაკარგა

პოლიციელმა სამსახური "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილთან მომხდარი დაპირისპირების გამო დაკარგა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა "ქართული ოცნების" ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის შვილი ავტოსაგზაო მოძრაობისას არასწორი მანევრირების გამო გააჩერა. ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცველის გადაწყვეტილება გააპროტესტა. დაპირისპირების შემდეგ, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, საბოლოო ჯამში კი სამართალდამცველს სამსახურიდან წასვლა მოუწია.

ინციდენტი, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს საუბარი არ სურს, ახალციხის ცენტრში მოხდა. უკვე ყოფილ პოლიციელ ლაშა მამუკაშვილს ფიზიკურად, პარლამენტის წევრის, გია კოპაძის შვილი გაუსწორდა. გუჯა კოპაძემ, მეგობრებთან ერთად მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ სამართალდამცველს ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ამ ინციდენტის მონაწილე ყველა პირი პროკურატურამ გამოკითხა, რასაც "კურიერს" ყოფილი პოლიციელიც უდასტურებს.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველს ჩხუბის დროს მიყენებული სხეულის დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები კი ვითარების გასანეიტრალებლად, ლაშა მამუკაშვილს ახალციხიდან, სამუშაოდ ახალქალაქში გადაყვანას დაჰპირდნენ. იმის გამო, რომ ჩხუბის ინიციატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი არ დაისაჯა, განაწყენებული მამუკაშვილი სამსახურიდან საკუთარი ნებით წავიდა.

პოლიციელთან ჩხუბის დროს დეპუტატ გია კოპაძის შვილი, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტის ამსახველი კადრები გარე სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა.

"კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, არც დეპუტატი გია კოპაძე და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი კამერების წინ კომენტარის გაკეთებას არ დათანხმდა. გუჯა კოპაძე ბრალდებებზე საპასუხოდ არც სახლში მისულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს გაესაუბრა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

მიუხედავად კოპაძეების კატეგორიული უარყოფისა, ფიზიკურ დაპირისპირებას ადასტურებენ პროკურატურაში, სადაც ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

შემთხვევა ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და შესაბამისად ინციდენტის თვითმხილველი ძალიან ბევრია. გარდა ჩხუბის ამსახველი კადრებისა, გამოძიებას ირგვლივ მცხოვრები ადამიანების ჩვენებებიც აქვს. გამოძიებას ჩხუბის საქმეზე რომელიმე პირის დანაშაული ჯერჯერობით არ გამოუკვეთავს.

დღის ამბები