22 დეკემბერი 2024,   09:40
ვრცლად
განხეთქილება საპატრიარქოში - ვინ ეწინააღმდეგება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს 

განხეთქილება საპატრიარქოში - სინოდის წევრების ნაწილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ითხოვს. საპატრიარქო, რომელმაც ბოლოს თქვა, რომ ჯერ უკრაინის საეკლესიო კონსტიტუციას, ანუ ტომოსს უნდა გაეცნოს, ამ დრომდე დუმს და უკვე თითქმის ერთი წელია საეკლესიო დოკუმენტს კითხულობს. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა უნდა გამოაცხადოს, რომელიც დეკემბრის შემდეგ საერთოდ აღარ შეკრებილა.

რატომ იწელება პროცესი, თბილისში კითხვები აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოში უკრაინის თემაზე დაპირისპირებაა.

თეოლოგების ნაწილი ამბობს, რომ სასულიერო და საპატრიარქოსთან დაახლოებული პირების ნაწილი, რომელსაც მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა, ინიციატივას ბლოკავს და სინოდზე გავლენას ახდენს. 

როდის გაიმართება უკვე ორჯერ გადადებული სინოდის სხდომა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი არ აკონკრეტებს. ფაქტია, რომ 2019 წელს სასულიერო პირებმა შეკრება ერთხელაც ვერ შეძლეს. უკვე ათი თვეა, რაც უკრაინა და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყარო, ავტოკეფალიის საკითხზე, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს გადაწყვეტილებას ელის.

ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქომ ვერ წაიკითხა ტომოსი და ვერ მიიღო გადაწყვეტილება დაუჭიროს თუ არა მხარი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას. სინოდის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესი არ ჭიანურდება. სინოდში დარჩენილი 46 წევრიდან, მხოლოდ 10 სასულიერო პირია, რომელიც ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ამბობს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება ქართული ეკლესიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი საკვირაო ქადაგების დროს აღნიშნავს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

თეოლოგები მიიჩნევენ, რომ ილია მეორეს მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და პატრიარქის მოსაყდრე შიო სინოდის გადაწყვეტილებას ბლოკავენ. გიორგი ტიგინაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირები დიდ წნეხს განიცდიან ფეესბედან და კრემლის მხრიდან, რის გამოც საქართველოს საპატრიარქო იძულებულია საკუთარი გადაწყვეტილება დამალოს.

6 იანვარს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებით უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა და ეკლესიის დამოუკიდებლობის დოკუმენტი - ტომოსი გადაეცა. 3 თებერვალს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია არ ჩავიდა.

დღის ამბები