22 დეკემბერი 2024,   09:23
ვრცლად
მუქარა ცხინვალიდან - ოკუპანტები ქართველ სამართალდამცველებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ და შეიარაღებული შეტაკებით იმუქრებიან

მედვედევის შემდეგ, კიდევ ერთი მუქარა, ამჯერად საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტის მხრიდან გაჟღერდა. ცხინვალის ე,წ КГБ თბილისს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები ზნაურის რაიონში მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ.

"ადმინისტრაციულ ხაზთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნამ შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს," - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ  უშიშროების კომიტეტის განცხადებაში,

თბილისში განცხადებას დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად აფასებენ. სუსში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანაში საკუთარი პროვოკაციული ქმედებების გამართლებას ცდილობს.

უმრავლესობა გზავნილებს საფრთხისშემცველად მიიჩნევს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდისთვის საოკუპაციო რეჟიმისგან მსგავსი ბრალდებები მიუღებელია. მათი თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

ოპოზიცია კი მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ ახალ მუქარას ოფიციალური თბილისის სუსტ საგარეო პოლიტიკას უკავშირებს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება. არსებული ინფორმაციით მხარეები ცხინვალის მუქარაზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე საგუშაგოების მშენებლობასა და ოკუპირებულ ახალგორში მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის საკითხებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები