21 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"სახიფათი გზა რუსეთისკენ" - მასშტაბური საგზაო მშენებლობა და მთიულების პროტესტი ხადას ხეობაში - გზების დეპარტამენტი პროექტის შეცვლას არ აპირებს

კობი-ქვეშეთის საგზაო მაგისტრალის მშენებლობამ, შესაძლოა საუკუნოვან კოშკებს და უნიკალურ ბუნებას პრობლემები შეუქმნას. პროექტს ხეობის მკვიდრთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამბობენ, რომ ხეობა აქ დაწყებულმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა სრულად გაანადგუროს.

კობი-ქვეშეთის საგზაო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ არ მოუსმინა. ხეობის მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხადაში არსებული ისტორიული ძეგლებისა და ბუნების ხელუხლებლად შესანარჩუნებლად გზამ მათი სოფლების ნაცვლად, განისის ხეობაში უნდა გაიაროს. ადგილობრივებმა დღეს გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და ხელისუფლებას ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის დაწყებაზე უარის თქმა მოსთხოვეს. 

"აქ გზის გაყვანა დაუშვებელია. რადგან გარდა ბუნებისა მშრალი მასალით ნაშენები კოშკებიც ვერ გაუძლებენ ამ დატვირთვას. არსებობს ალტერნატიული გზა, რომელიც ჩვენთვის და ყველასთვის მისაღები და უსაფრთხო იქნება,"- ამბობენ ადგილობრივები.

"ვაფრთხილებთ ხელისუფლებას ან შეაჩეროს ეს უმსგავსო ქმედება ან მივმართავთ ყველა გზას შესაჩერებლად,"-აცხადებდნენ დღეს აქციის მონაწილეები "კურიერთან".

ხეობაში დაწყებულ საგზაო სამუშაოებს ნაადრევს უწოდებს არქეოლოგთა ნაწილიც.

გიორგი გოგოჭური წლებია ხადაში არსებულ ისტორიულ ძეგლებს და არტეფაქტებს სწავლობს. ამბობს, რომ სამუშაოებმა, რომელიც მხოლოდ ერთი კვირაა დაიწყო, ადრე ბრინჯაოს ხანის, ისტორიული არტეფაქტების ნაწილი უკვე გააქრო. 

ხეობის მოსახლეობის შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ინფრასრრუქტურის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ კობი-ქვეშეთის მაგისტრალი, რომელზეც 500 მილიონ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს მთიულეთის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

"ტერიტორია ჩვენ შევისწავლეთ, გზის გაფართოების სამუშაოების დროს არანაირი არქეოლოგიური ძეგლი არ ზიანდება,"- ამბობენ გზების დეპარტამენტში.

22-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც კობი-ქვეშეთის მონაკვეთზე გაივლის და 5 გვირაბს გააერთიანებს, უკვე დაწყებულია. ახალი მაგიტრალი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის და ავტომობილების გადაადგილებას ყველა სეზონზე გაამარტივებს.

დღის ამბები