თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის, მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა თავდაპირველად ნიჟარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
ბრალდების მხარემ გიორგი ნიჟარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.