22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
შეტევა ეკლესიაზე და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ სპექტრში - პრემიერი მოვლენების მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში დაბრუნებულმა კი საეკლესიო სკანდალის უკან მდგომ ძალებზე ღიად ისაუბრა. გიორგი გახარია, რომელიც დღეს დილით პატრიარქს პირადად შეხვდა, სცენარის მიღმა იმ კონკრეტული ძალების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. მთავრობის მეთაურის პოზიცია იუსტიციის მინისტრმაც გაიზიარა.  

ოპოზიციის ნაწილს კონკრეტიკა არ დასჭირვებია იმისთვის, რომ ბრალდებებში საკუთარი თავი ამოეკითხა. მათი თქმით, მეუფე იაკობის განცხადებები, სადაც ის პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების თანაავტორობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდა, არ დავიწყებიათ.

მთავრობის მეთაურს მარტვილიდან უპასუხა თავად სკანდალური განცხადებების ავტორმა.

ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს - ამაზე აკეთებდა დღეს აქცენტს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება საკუთარ ნაღმზე აფეთქდა და ისრების გადატანას ცდილობს. 

ეკლესიის წიაღში დაწყებული და მაღალი პოლიტიკური ჩართულობით გაგრძელებული ხმაურიანი პროცესები დღეს მმართველ პარტიაშიც შეაფასეს. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ და ყველა გზით ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. გია ვოლსკიმ დღეს კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. 

ურთიერთბრალდებების ფონზე პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია სახელმწიფოს ინტერესებსაც დააზიანებს, რადგან ეკლესია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია. 

დღის ამბები