შეწყალების სკანდალის შემდეგ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ იმსჯელებს პატიმრების საქმეებზე - ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებული კომისია თუ ისევ პრეზიდენტი. ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება, რა ჩაწერა ახალ რეგულაციებში და რას აცნობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობას.
ცნობილია მხოლოდ უმრავლესობის რჩევები ამ ინიციატივის გაცნობის შემდეგ. მთავარი რეკომენდაცია სწორედ კომისიის შექმნას უკავშირდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს "კურიერს" მხოლოდ ის უთხრეს, რომ პრეზიდენტი შეწყალების ახალ მექანიზმზე მუშაობს და დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება. აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ გაუქმებული შეწყალების კომისიის ამოქმედებას და ხელახლა დაკომპლექტებას, ამაზე ადმინისტრაციაში ჯერ არ საუბრობენ.
პრეზიდენტს სათათბიროს შექმნას ურჩევენ პარლამენტშიც. მმართველი გუნდის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმეებს ჯერ კომისია განიხილავს, მოგვიანებით კი პრეზიდენტი, რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება.
სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოისმინა კანონმდებლების რეკომენდაციები, რომლებიც პრეზიდენტს სთავაზობენ, არ შეიწყალოს მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულები, ძებნილები, სამართალდამცავების მკვლელობისთვის გასამართლებული პირები.
შეწყალების კომისია რომ შესაქმნელია, ამაზე თანხმდებიან საპარლამენტო ოპოზიციაშიც, თუმცა შენიშვნები აქვთ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც პარლამენტმა პრეზიდენტს გაუგზავნა.
"ევროპულ საქართველოში" ახალ წესზე მეტად შეწყალების ძველი საქმეების გამოძიების საკითხი აინტერესებთ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი სალომე ზურაბიშვილის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ.
დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი პრეზიდენტისთვის პარლამენტის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციებით უკმაყოფილოა და კოლეგებს კვალიფიკაციას უწუნებს.
საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციებით მიმართავენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და შეწყალების კომისიის ყოფილი წევრებიც. ისინი პრეზიდენტს ურჩევენ, გამოიყენოს ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.
შეწყალების კომისიის რეკომენდაციით ბოლოს პრეზიდენტმა პატიმრები გასული წლის ოქტომბერში შეიწყალა. მას შემდეგ ქვეყნის პირველი პირი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.
ხმაურიანი შეწყალების საქმეების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც შეწყალების შესახებ ახალი კონცეფციის გამოქვეყნების შემდგომ უნდა გაუქმდეს.